მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება

27/06/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სასტუმრო „ამბასადორში“, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიებაზე მოწვეულ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2015 წლის სარეინტეგრაციო პროგრამის შედეგებისა და 2016 წლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ განახლებული ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც შედგა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სახის სერვისებს სთავაზობს:

• სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
• შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება;
• დაბრუნებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა;
• იურიდიული დახმარება;
• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების დროულ და ზუსტ ინფორმირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0