მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე

05/08/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე.
საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით დღეს დილით კიდევ ერთხელ გაიმართა, სალიკვიდაციო სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების გეგმაზე იმსჯელეს. ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგება. წყალი ცისტერნებით მიეწოდება იმ უბნებს, სადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლება სისტემატიურად უწევს დახმარებას მოსახლეობას.
საგანგებო შტაბის მუშაობაში ჩართულები არიან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შს სამინისტროსა და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
გასული ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. გამთენიისას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაზიანებულ უბნებზე კიდევ ერთხელ მივიდა და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0