მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებისთვის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიესალმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

„მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, მათ შორის პირადად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს თომას ბარაისს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, საქართველოს აღიარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი იყო და ამ ეტაპზეც სწორად ვმართავთ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში გერმანელ ტურისტებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Visited 58 times, 1 visit(s) today