მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის ნაციონალურ პრეს-კლუბში იაპონური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

31/05/2017

“საქართველო და იაპონია იზიარებენ საერთო ფასეულობებს და პრინციპებს, რაც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს აღნიშნავთ და შეგვიძლია ვიამაყოთ ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო მადლიერია იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების, რაც ქვეყანას გაუწია იაპონიამ, განსაკუთრებით საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამს”- საქართველო იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის ნაციონალურ პრეს-კლუბში იაპონური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის იმ ახალ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს ლიბერალური საინვესტიციო გარემო და სატრანზიტო შესაძლებლობები იძლევა.

“საქართველოს დღეს არა მხოლოდ იღებს იაპონიის მხარდაჭერას და დახმარებას, არამედ მას ლიბერალური ეკონომიკური გარემოთი, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, დემოკრატიული განვითარებით, თავადაც შეუძლია გახდეს საინტერესო რეგიონში იაპონური ბიზნესისა და იაპონიის ეკონომიკური პროექტებისთვის” – აღნიშნა მინისტრმა.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ინტერნეტ ტექნოლოგიებსა და რობოტიქსის მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მთავრობას მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გაცხადებული. აღინიშნა ტურიზმის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

იაპონური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ასევ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის წარმატებაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0