მომდევნო 2 თვეში, დიალიზის თერაპია, დამატებით, 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი – განცხადება ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 4 კერძო კლინიკასთან. სწორედ ისინი შესთავაზებენ, 4 სხვადასხვა ქალაქში, ბენეფიციარებს დიალიზის თერაპიას. ამასთან, პაციენტები, მათი სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებას მიიღებენ თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში.
„ჩვენ ყველა ქალაქში შევისწავლეთ, ამ კუთხით, არსებული სიტუაცია – პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი – მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულები.
„ისინი დასაქმებულები არიან ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, ასევე საოფისე სამუშაოები, სხვადასხვა სატყეო სამუშაოები, მუშაობენ ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების მიმართულებით და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე ინფრასტრუქტურის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული და საქმიანობის ფორმალიზებას მოახდენს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ასევე საქმიანობის ფორმალიზება ჯამში 2 300-ზე მეტმა პირმა აირჩია.