მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან

18/02/2021

სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მსჯელობა რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებისთვის მზადების თაობაზე წარიმართა.

„მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ იმ ეტაპისთვის, როდესაც რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მობილობის თვალსაზრისით, უკვე გახსნილია საკმაოდ ბევრი სფერო, გარკვეული პერიოდია საჭირო იმაზე დასაკვირებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეპიდვითარებაზე სკოლების, ტრანსპორტის, სავაჭრო ინდუსტრიისა და ბაზრობების გახსნა. ნათია თურნავას განმარტებით, თუ ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება და ვითარება ისეთივე პოზიტიური დარჩება როგორც დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე უკვე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე მოხდეს მსჯელობა.
„ამისთვის აუცილებელია, დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე ეს სფერო. ამიტომ ჩვენ გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, სფეროსთან ერთობლივად გავიარეთ დამატებითი რეგულაციები და ისეთ დეტალებში ჩავედით, როგორიცაა კვადრატულობაზე სტუმრების რაოდენობის გადანაწილება, სავალდებულო ტესტირების წარმოება და სხვა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მოთხოვნაა და კვლავაც სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ. სოციალური ღონისძიებების მიმართ, როდესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც დღეს აკრძალულია. მინისტრის შეფასებით, შარშან ზაფხულში სწორედ ხალხმრავალი ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ეპიდვითარების გაუარესების. მისივე თქმით, სასიამოვნოა, რომ რესტორნების მხრიდან სრული მზადყოფნა და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა იგრძნობა და ისინი თავად ითხოვენ კონტროლის გამკაცრებას. ამასთან, ნათია თურნავამ თხოვნით მიმართა მეიჯარეებს, რომ არ შეუქმნან პრობლემები იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი სწრაფად აღდგენადი ბიზნესია, სარესტორნე ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და ისინი საუკეთესო დამქირავებლები იქნებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0