მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

03/08/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სპეციალური კურსი შეიქმნა, რომელიც პილოტირების რეჟიმში 4 პროფესიული სასწავლებლისა და 6 საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა. კურსი იყო ინოვაციური მიდგომა და ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეების ვიზიტებს (ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ) პროფესიულ სასწავლებლებში და ადგილზე მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას. პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიების მიმართ, დაეუფლნენ ელემენტარულ უნარებს მებაღეობის, ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის და სხვა მიმართულებით. მოსწავლეები თვლიან, რომ პროცესი იყო სახალისო და საინტერესო.
ახალ ინიციატივას მიეძღვნა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების კურსების პილოტირების შედეგების გაცნობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული მეთოდოლოგიის უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს, სადაც თავად სკოლებსაც მიეცემათ საშუალება განუვითარონ მოსწავლეებს შრომითი უნარები და მიაწოდონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0