მოქალაქე, ადამიანი დგას ჩვენი პოლიტიკის ცენტრში

05/02/2019

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კომიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სოფო კილაძის ინფორმაციით, კომიტეტში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით მან სოციალური მუშაკის რეფორმა დაასახელა. „ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით პირველი ეტაპი 2021 წელს, ხოლო მეორე ეტაპი – 2025 წელს დავასრულოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს ძლიერი სოციალური მუშაკის ინსტიტუტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. „ეს არის სამშვიდობო პაკეტი, რომელიც ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება და ემსახურება იმას, რომ იმ ადამიანების კეთილდღეობას, რომლებიც დაჩაგრულნი არიან ოკუპაციური რეჟიმისგან, გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შევუქმნათ. ამაზე აღმასრულებელი ხელისუფლება იმუშავებს ძალიან ინტენსიურად. ეს არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ. მან ასევე ისაუბრა შრომის უსაფრთხოების კუთხით, სხვადასხვა პაკეტების შესამუშავებლად გაწეული საქმიანობის შესახებ.
სოფო კილაძის თქმით, კომიტეტმა შეიმუშავა ბავშვის კოდექსი, რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს; ოჯახში ძალადობის პაკეტი, რომელიც პრევენციაზე არის ორიენტირებული. მისი ინფორმაციით, კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს რელიგიის საკითხებზე.
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით საუბრისას, სოფო კილაძემ სახალხო დამცველის ანგარიში გამოყო. „აქაც სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა. საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაქსიმალურ რაოდენობას მივუახლოვდით. საუბარი იყო 228 რეკომენდაციაზე“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი ინფორმაციით, კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს 15 ანგარიში.

„გვქონდა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებებთან მიმართებით, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით, სოციალურ მუშაობასთან მიმართებით. მოქალაქე, ადამიანი დგას ჩვენი პოლიტიკის ცენტრში და თითოეული ადამიანის მიმართ ყურადღება, თითოეული ადამიანის საჩივრის თუ მომართვის განხილვა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 3500-მდე ოფიციალური განცხადება მივიღეთ და დაახლოებით 2000 ადამიანს გაეწია იურიდიული კონსულტაცია ჩვენს კომიტეტში, რაც, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავნერგეთ მოქალაქეების თხოვნებზე და მოთხოვნებზე რეაგირების ძალიან სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი, ანუ ჩვენ დავაწესეთ, ფაქტობრივად, თვითცენზურა. 3 დღის განმავლობაში სავალდებულოა, რომ კომიტეტში შემოსულ განცხადებებზე იყოს შესაბამისი რეაგირება და ჩვენ, ასევე, ვაკეთებთ მონიტორინგს, თუ რა შედეგი მოჰყვა ჩვენს შუამდგომლობებს ამა თუ იმ უწყებაში. ძალიან დეტალურ აღრიცხვას ვაკეთებთ, რათა ჩვენი კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ თითოეულო ადამიანს“,-განაცხადა სოფო კილაძემ.9

Tweet about this on TwitterShare on Facebook0