მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გელათის მონასტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ასევე უახლოეს დღეებში “დავითის გზა” გაიხსნება.
“მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით იმერეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ემსახურება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გავხსნით “დავითის გზას”, ისტორიული გზა, რომელიც ამოდის გელათის სამონასტრო კომპლექსამდე აღდგა და მოპირკეთდა, რაც კიდევ ერთი საინტერესო ლოკაცია იქნება ტურისტებისთვის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მართვაში არსებული პროექტი ითვალისწინებდა გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამორტიზირებული საყრდენი კედლის, გზის, ავტოსადგომის, ღვთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოებს, დრენაჟის, ცოკოლის და ეგვტერების (ძირითად ტაძარზე მიშენებული მცირე ნაგებობის) გადახურვის სამუშაოებს. ტაძრის გუმბათის გასამაგრებლად მოეწყო ქვედა სარტყელიც. რაც შეეხება ტაძრის ეგვტერების გადახურვას, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შემუშავებული იყო ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობის“ მიერ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომელსაც 2013-2018 წლებში უკვე შესრულებული ჰქონდა ტაძრის გუმბათის, მკლავების და მკლავთაშორისი სივრცეების რესტავრაცია. გადახურვის სამუშაოები წარმოებდა როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მეთვალყურეობით. გადახურვისთვის გათვალისწინებული იყო ორმაგი დუღაბი და ჰიდროსაიზოლაციო ფენა, რომლის ზედაპირზეც მოეწყო მოჭიქული კრამიტი. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის გადახურვამდე შემსრულებელ კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა კრამიტის მასალის ლაბორატორიული დასკვნა (წყალშეუღწევადობის, ყინვამედეგობის და ა.შ), პროექტის დასრულებიდან 5 თვის (ზამთრის პერიოდის) გასვლის შემდეგ, ეგვტერების გადახურვის მცირე ნაწილზე გამოვლინდა შესრულების ხარვეზები – კრამიტის ზედაპირული დაზიანებები.
ფონდის ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა. დეფექტების აღმოფხვრის დავალება მიეცა როგორც შემსრულებელ, ისე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიას, რასაც ითვალისწინებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულების დეფექტების აღმოფხვრის ერთწლიანი საგარანტიო ვადა.
პირველადი დათვალიერებით, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის მიერ დეფექტი შეფასებულია როგორც მწარმოებლის წუნი. ფონდის დავალებით, შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაიწყო როგორც დაზიანებული, ისე სხვა დაუზიანებელი გადახურვის დამატებითი ლაბორატორიული კვლევები და ტესტირება, რაც მოგვცემს დეფექტის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენის საშუალებას. საერთო ჯამში, შესრულებულია გელათის მონასტრის დაახლოებით 1500 კვ. მეტრი ფართობის გადახურვა. აქედან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადახურა 576 კვ. მეტრი, რომლის დეფექტური ნაწილი, პირველადი შეფასებით, არ აღემატება 10-15%-ს და შეადგენს დაახლოებით 60 კვ. მეტრს. გამოვლენილი ხარვეზი აღმოიფხვრება დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსრულებლის ხარჯით და მასში სახელმწიფო დამატებით სახსრებს არ გაიღებს.