მუნიციპალური სერვისების ცენტრი ახალი ხედვაა და მიხარია, რომ რუსთავი ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია ინოვაციის დანერგვის მხრივ

01/09/2023

„მუნიციპალური სერვისების ცენტრი ახალი ხედვაა მუნიციპალური სერვისებისთვის და მიხარია, რომ რუსთავი გამორჩეულია ინოვაციის დანერგვის მხრივაც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ფუნქციაა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება.

„სწორედ ამაშია მისი მთავარი ლეგიტიმაცია, როდესაც სახელმწიფო და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, სხვადასხვა დონეზე, კონცენტრირებულად, ორგანიზებულად და უფრო ეფექტიანად აწვდის ამა თუ იმ სერვისს მოქალაქეებს. ამავე დროს, ეს არის პასუხისმგებლობაც და ამაზე უნდა ზრუნავდეს ყველა სახელმწიფო ორგანო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, მომავალშიც ექნება პარლამენტის ძლიერი მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ვფიქრობ, ეს პროექტი სამაგალითოა სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. დროსთან ერთად მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა იზრდება. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მეტი და მეტი ფუნქცია გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს და სწორედ ასეთი სახით, მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების მეთოდები არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან მადლობა გადაუხადა განხორციელებული პროექტისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რუსთავის საკრებულოს, პარლამენტის წევრებს ირაკლი შატაკიშვილს და ალექსანდრე დალაქიშვილს, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID).

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, რუსთავის მოქალაქეებზე ფიქრით, ზრუნვით, მათთვის პირობების გაუმჯობესებისათვის იღწვით. ამ პროექტშიც იგრძნობა, რომ ეს არის ნაზავი, ერთი მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის და მეორე მხრივ, ადამიანური პასუხისმგებლობის თანამოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალ ცენტრში, რუსთაველები ყველა მუნიციპალური სერვისით, ერთ თანამდროვე სივრცეში ისარგებლებენ. ცენტრი, სადაც მოქალაქეებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან, აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების მისაღებადაც. სერვისცენტრში ერთად თავმოყრილია ყველა სახის მომსახურება, რასაც მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოქალაქეებს: სოციალური, არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული, კორპუსის კეთილმოწყობის თუ სხვა სახის პროგრამებით სარგებლობის. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, USAID – ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ჯუნიპერ ნილიმ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0