ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მინისტრთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც მეზღვაურებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ.
ნათია თურნავას თქმით, ქართველ მეზღვაურებს დღეისათვის 50 ქვეყნის, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე აქვთ ცურვის უფლება და ეს არის ის ნიშნული, საითკენაც ყველა სხვა პროფესიაში უნდა ვისწრაფოდეთ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ჩვენი ეკონომიკის გასამყარებლად, რისთვისაც თქვენი მადლიერები ვართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა წლევანდელი წლის კამპანიას „მეტი ქალი გემზე“ და აღნიშნა, რომ როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი-მინისტრი ყველანაირად მხარს უჭერს მეზღვაურ ქალთა განვითარებასა და დასაქმებას.

„ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, რომელიც მეტ შესაძლელობას ქმნის ქალბატონების დასაქმების კუთხით და ამ მამაკაცურ პროფესიასაც მხოლოდ გააკეთილშობილებს და წაადგება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ოფიციალური მისალმებების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ ღირსების მედლით დააჯილდოვა საზღვაო საქმის წარმომადგენლები ნათია ლაბაძე და ლუიზა წვერავა, აგრეთვე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კაპიტნები იური ქადარია და თამაზ იმერლიშვილი და უფროსი – მექანიკოსი იური ქორიძე.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს. ასევე
ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი“.

Visited 124 times, 1 visit(s) today