ნამოსახლარ დიდგორას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

03/08/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩარდახში მდებარე ნამოსახლარ დიდგორას 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნამოსახლარი დიდგორა მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩარდახის ჩრდილოეთით, 2კმ-ის დაშორებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში. ნამოსახლარი გორის სიმაღლე 6-8 მ-ია, დიამეტრი- 50-60 მ. ხელოვნური გორა ვაკეზე მდებარეობს. გორაზე მრავლად მოიპოვეპა მორუხო-მონაცრისფროდ გამომწვარი, შავად ნაპრიალები კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტი ამკობს (ნაპრიალები რომბული ბადე, კანელურები) მოძიებული კერამიკის უმრავლესობა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას მიეკუთვნება, თუმცა აქვე დადასტურდა ანტიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი, მოწითალოდ გამომწვარი და წითელი წერნაქით შეღებილი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტიც. სავარაუდოდ, ნამოსახლარი დიდგორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0