„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონს ახალი ნივთიერებები დაემატება

23/07/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, გაეროს 1961 წლის, 1971 წლის და 1988 წლის კონვენციების სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება, რაც შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. მათი უკანონო ბრუნვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„კონვენციებში ახლად შეტანილ, საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირების დაწესება წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ აღნიშნა, ბოლო დროს ჩნდება ახალი ნივთიერებები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ნარკოტიკული თრობისთვის, თუმცა, მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, მცირე, საშუალო და დიდ დოზებთან მიმართებაშიც გამახვილდეს ყურადღება. მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0