ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

21/09/2017

ქ,ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წარმოადგენდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან.
ქ.ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებმა მოკავშირეებსა და ალიანსის ხელმძღვანელობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკისა და კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.
მოკავშირეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე ერთგულება.წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0