ნუ განიკითხავთ სხვებს, თუკი ვინმეს უნდა, რომ განიკითხოს – განიკითხოს საკუთარი თავი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა . მან დღეს ცოდვების შენდობაზე იქადაგა და როგორც აღნიშნა, შენდობა უმნიშვნელოვანესია. მისი განმარტებით, ადამიანებს სურთ, ღმერთი მისდამი მოწყალე მსაჯული იყოს და ასეთ შემთხვევაში, ადამიანებიც ერთმანეთის მიმართ მოწყალენი უნდა ვიყოთ.
“სამწუხაროდ, ადამიანი გამუდმებით სცოდავს. მას მუდმივად სჭირდება შეღავათი, მუდმივად სჭირდება ის, რომ სხვისგან შენდობა ითხოვოს – ითხოვოს უფლისგან შენდობა, ითხოვოს ეკლესიისგან შენდობა. შენდობის გარეშე ვერც ერთი ჩვენგანი სასუფეველში ვერ მოხვდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ შენდობას, მაგრამ როგორ უნდა მივიღით შენდობა?! რატომ უნდა გვაპატიონ ჩვენ?! – ჩვენი ცოდვები ხომ არის უსაზღვრო და მუდმივი. თითოეულმა ჩვენგანმა თავის გულში ჩაიდეხოს – რამდენი შემთხვევა გვქონია, რომ შენდობა გვითხოვია და ისევ იგივე ცოდვა ჩაგვიდენია, შემდეგ ისევ გვითხოვია შენდობა და იმედი გაქვს, რომ უფალი გვაპატიებს, მაგრამ როგორ შეიძლება უფალმა ჩვენ ამდენი ცოდვა გვაპატიოს?! უფალი სახარებაში ძალიან მარტივ რჩევასა და საინტერესო მითითებას გვაძლევს, თუ როგორ შეიძლება შენდობა მივიღოთ. სინამდვილეში, ცოდვებს, რომელსაც ჩვენ ჩავდივათ, არავითარი გამართლება არა აქვს და ერთადერთი, რის გამოც ჩვენ უფალი შენდობას გვაძლევს, არის ის, თუ ჩვენც ვაპატიებთ სხვას. ვაპატიოთ ერთმანეთს, შევუნდოთ ადამიანებს ცოდვები, ნუ ჩაიტოვებთ გულში წყენას, ნუ იქნებით ადამიანის მიმართ სასტიკი და მკაცრი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
ადამიანებმა ერთმანეთს იმიტომ უნდა აპატიონ, რომ მათაც სჭირდებათ პატიება, რაც არის მუდმივი მარადიული კავშირი ღმერთთან. როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, ხშირია, როცა ადამიანი ცოდვას ისე სჩადის, არ იცის, რომ სცოდავს და არის ისეც, რომ იცის და მაინც სცოდავს.
“მთავარი გამოსავალი არის ის, რომ თქვენ თვითონ აპატიოთ სხვას, თქვენ თვითონ სთხოვოთ შენდობა სხვებს და გულში ნუ დაიტოვებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წმინდა მარხვა იწყება”, – აღნიშნა მან.