ქალაქ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მოჯირითის ალექსი გოგოხიას შვილიშვილის, რიჩარდ გოგოხიას წიგნის ‘’გურულ მოჯირითეთა ქრონიკები’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
‘’გურულ მოჯირითეთა ქრონიკები’’ – გურული ცხენოსნების ამერიკაში მოღვაწეობას ეძღვნება. ალექსი გოგოხიამ აღნიშნული პერიოდის შესახებ ყველა მოპოვებული ცნობა ერთად შეკრა და საზოგადოებას კვლევითი ნაშრომის სახით წარმოუდგინა.
პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კულტურის სამსახურებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ოზურგეთში ამერიკაში მოღვაწე ქართველი მოჯირითის ალექსი გოგოხიას შვილიშვილი, რიჩარდ გოგოხია გვესტუმრა, რომელმაც საკმაოდ მოცულობითი და ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია წარმოგვიდგინა. მინდა აღვნიშნო, რომ გურული მოჯირითეების შესახებ საკმაოდ საინტერესო ინგლისურენოვანი წიგნია. იმედი მაქვს ქართულ ენაზეც ითარგმნება და მკითხველიც გაეცნობა. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ რიჩარდს საინტერესო პრეზენტაციისთვის და ყველას ვულოცავ მუზეუმის საერთაშორისო დღეს,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.