ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 10 481 900 ლარით განისაზღვრა

23/12/2016

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია, ახლგაზრდული და სპორტული პროექტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა, რაზეც 4 166 100 ლარი დაიხარჯება.
სკოლამდელ განათლების ხელშეწყობა თვითმმართველი
ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც მომავალ წელს 2 000 000 ლარით დაფინანსდება. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, რაც 2017 წელს 783 200 ლარით დაფინანსდება.
თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას, რაზეც მომავალ წელს მუნიციპალური ორგანო 665 500 ლარს დახარჯავს, “ – ნათქვამია 2017 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში.
ბიუჯეტის მუხლობრივად განხილვის შემდეგ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ შეაფასა:
„მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს, ასევე, ოპოზიციონერ დეპუტატებს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – კოორდინირებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის. ამ ხნის მანძილზე ვცდილობდით დაგროვილი პრობლემების შემცირებას, რაც აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 7 014 000 ლარით, 2016 წლისა _ 9 066 700 ლარით, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტი 10 481 900 ლარია. გვაქვს 3 227 900-ლარიანი ზრდა, რაც სწორედ მათ მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებების რეზულტატია. მინდა მომავალი წელი ჩვენი რაიონის განვითარების მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვას,“- განმარტა გამგებელმა.
2017 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 35 ხმით დაამტკიცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0