ოზურგეთში ალეგრობის დღესასწაული და ფუძეობა აღინიშნა

13/10/2018

ფესტივალს “ფუძეობა”- ს, ოზურგეთში სახალხო დღესასწაულმა “ალეგრობა 2018”- მა უმასპინძლა. ჭადრების ბაღში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. კოლეჯ “ჰორიზონტში” მოეწყო მასტერკლასები და სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა საბავშვო კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები. მოეწყო შეჯიბრი მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში. ფოლკლორის ცენტრში, ევროკავშირის პროექტის “რა ყოფილა გურია”-ს ფარგლებში გაიმართა საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ეხებოდა გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ – მუზეუმის მაგალითზე გურული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას. ეთნოგრაფიულ კუთხეებში, წარმოდგენილი იყო გურიის სამივე მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა.
ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები.
ღონისძიება ქართული ესტრადის ვარსკვლავების დავით გომართელის, ლიზა ბაგრატიონის, ნეკა სებისკვერაძის და ანსამბლ „შვიდკაცას“ მონაწილეობით, გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები.
ფუძეობა პროექტ “Check in Georgia”- ს ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0