პარლამენტარებმა რაჭაში ქართულ-შვეიცარიული ინცვესტიციით შექმნილი კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ მოინახულეს

12/08/2017

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის წევრებმა დღეს რაჭაში ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი დაათვალიერეს.
კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს. პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ სოფლებში – სორი და შარდომეთი, სადაც მოინახულეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანამშრომლებთან სათაო ფერმაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„მეცხოველეობის დარგის განვითარებას ქართულ-შვეიცარიული საწარმო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა და მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი ისევ კომპანია იბარებს. სასურველია, რომ ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ეს მნიშვნელოვნად განავითარებს როგორც დარგს, ასევე ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ზრდას“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 22 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე ასეულ მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს, ასევე ხელს უწყობს კერძო ფერმების განვითარებას. კომპანიაში 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია შვეიცარიულ-ფრანგული უახლესი ტიპის აპარატურით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0