პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე საკითხი დაჩქარებული წესით განიხილეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე საკითხი დაჩქარებული წესით განიხილეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა იპოთეკური სესხების მქონე მოქალაქეების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ბევრი მოქალაქე რეკავს, ვისი ბინაც დატვირთულია იპოთეკით და გადასულია გამსესხებლის მფლობელობაში. რადგან გამოსახლებები 1 აპრილამდე შეჩერებულია, გამსესხებლები ცდილობენ გამოყარონ სახლებიდან კომუნალური სერვისების მიწოდების შეჩერებით. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღვკვეთოთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდება. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლების პარლამენტში მოსმენის და მოსახლეობისთვის ინფორმაციების მიწოდების შესაძლებლობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პასუხით, საკოორდინაციო საბჭოში პარლამენტს ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ საკითხს საბჭოს მიაწვდის. პარლამენტის რეგლამენტში დაჩქარებული წესით შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა. რეგლამენტის პროექტი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დეპუტატებმა იმსჯელეს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო წილოსანის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება აკვაკულტურის მართვასა და მდგრად განვითარებასთან, აკვაკულტურის ნებართვასთან, მარიკულტურასთან, ხმელეთზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებთან და აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის განცხადებით, აგრეთვე რეგულირდება აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვასთან, ექსტენსიურ აკვაკულტურასთან, აკვაკულტურის საქმიანობაში შეზღუდვებთან, ინფორმაციის საჯაროობასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან და ზედამხედველობასთან, აკვაკულტურის ობიექტების (წყლის ცხოველური ორგანიზმების) იმპორტთან, გადამუშავებასთან და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. გარდა ამისა, დაზუსტდა დეპოზიტარის ქონებაში საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და საპენსიო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები. დეპუტატმა ლადო კახაძემ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცო კოლეგებს, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მიერ განსჯადობის საკითხს ეხება. „ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლითაც 2020 წლის 1 ივნისიდან ასამოქმედებელი კანონის შესაბამის მუხლში გათვალისწინებული იქნება უკვე მოქმედი კანონის მუხლი“ , – აღნიშნა ლადო კახაძემ.

პარლამენტმა იმსჯელა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროქტის შესახებ თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს, სატყეო პოლიტიკის, მართვასა და ზედამხედველობასთან, ტყის აღრიცხვასა და დაგეგმვასთან, ტყით საერთო სარგებლობასთან, ტყით სპეციალურ სარგებლობასთან, სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებასთან, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებასთან, პლანტაციური მეურნეობის მოწყობასთან, სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობათან, საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყითსარგებლობასთან, თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობასთან და ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობასთან, ტყის დაცვასთან, ტყის აღდგენა-გაშენებასთან, ტყის მოვლასთან, მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიურ და პროფესიულ განათლებასთან, მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა. პოზიტიურად შეაფასეს წარმოდგენილი კანონპროექტი, თუმცა რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კანონპროექტებში გათვალისწინებული იქნება და დაზუსტდება რიგი მუხლები.

„კანონპროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის 40% ტყით არის დაფარული. ახალი ვარიანტი უფრო დახვეწილი, რაფინირებული და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გახდა“, – განაცხადა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.

როგორც ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ აღნიშნა, ტყის კოდექსი 6-7 წელი მუშავდებოდა.

„ბოლო 1 წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე და შეთანხმება მიღწეული იქნა. განსაკუთრებით აქტუალური იყო როგორც კომიტეტის სხდომები, ასევე სამუშაო შეხვედრები. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული წინ იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ტყის მასივების მართვა უფრო ეფექტიანი გავხადოთ და, რაც ყველაზე მთავარია, არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ტყის მასივების რაოდენობა საქართველოში“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კენჭისყრის შემდეგ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგს დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხები დაემატა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა პირადი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის, ოთარ ჩრდილელის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ოთარ ჩრდილელს წლების მანძილზე საპარლამენტო საქმიანობაში გაწეული აქტიურობისთვის. დეპუტატი ალექსანდრე ერქვანიაიმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას მოითხოვენ.

„ეს იქნება ჩვენი ერის სიკვდილის გზა, რადგან ჩვენი ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია, რომ ელიც არის ქრისტეს მისტიკური სხეული, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგია და რომლის დროსაც ხდება ყველაზე დიდი სასწაული“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა, ერთად დაეხმარონ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რომლებმაც მისივე თქმით, უამრავი ადამიანი იხსნეს შიმშილისაგან. მისივე ინფორმაციით, დღეს ესპანეთში ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ემიგრანტების დახმარებასთან დაკავშირებით ალექსანდრე ერქვანიას განცხადება გაიზიარა ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა.

Visited 43 times, 1 visit(s) today