პარლამენტის წევრებმა ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

28/07/2017

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის ინიციატივით, ჭიათურაში პარლამენტის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ – დემოკრატების“ მდივანმა, ბექა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო სიახლეების, საკონსტიტუციო ცვლილებების, საპენსიო რეფორმის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შესახებ ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, იმ ცვლილებებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა. სულხან მახათაძემ განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჭიათურა არის სამრეწველო ზონა, სადაც ამ კუთხით 3500 ადამიანია დასაქმებული და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაღაროელთა შრომითი უფლებების დაცვა და ამ კუთხით კანონმდებლობის მოწესრიგება.
სულხან მახათაძემ მოსახლეობას საპენსიო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მაღაროელების საპენსიო ასაკის შემცირებისა და მათთვის ღირსეული პენსიის დანიშვნის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მაჟორიტარის საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა.
პარლამეტის წევრმა გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკანონმდებლო სიახლეები ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0