პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

07/02/2017

პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბიუროს წევრებს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.
მიმდინარე კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მანანა კობახიძის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს განიხილავენ.
სხდომაზე, კანონმდებლები, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებზე იმსჯელებენ.
პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. პროექტის თანახმად, განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. რეგულირდება ბავშვის მოტივირებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრულია რამდენიმე დადგენილების პროექტის განხილვა. ესენია: „ბავშვთა განვითარებისაკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“; „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0