საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფცია წარმოადგინა პარლამენტის წევრმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, „2012 წელთან შედარებით ათჯერ არის გაზრდილი ლარის ბრუნვა, რომელიც 4,5 მილიარდს შეადგენს, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ენერგეტიკაში, ან კომუნიკაციების ბიზნესში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ სივრცე, არ გაიცეს ლიცენზიები და შეიზღუდოს საერთაშორისო კომპანიებზე ხელმისაწვდომობა, რომლის საშუალებითაც მილიონობით დოლარი გაედინება ჩვენი ქვეყნიდან. უნდა გაიზარდოს აზარტულ თამაშებზე დაშვების ასაკობრივი ცენზი.
სამუშაო ჯგუფი, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან, ერთად იმსჯელეს ამ საჭირბოროტო საკითხებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზარტული თამაშებით დაზარალებულების ოჯახის წევრებიც.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიისთვის წარუდგენს პარლამენტს შესაბამის კანონპროექტს.
საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით მოეწყო.