პარლამენტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებს, ღონისძიებაზე მოწვეულ სხვა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, თბილისის საკრებულოს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, 21 თებერვალი – იუნესკოს მიერ დაწესებული მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„დღეს არის 21 თებერვალი – მშობლიური ენის საერთაშორისო დღე და ეს ნიშნავს, რომ დღეს ყველა იმ ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დღეა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის დიდი ხნის გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს, რომ თითოეულ მათგანს მივულოცო და თითოეულ მათგანს ამ თანამშრომლობისკენ მოვუწოდო“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ტრადიციულად, კომიტეტი აგრძელებს ანგარიშების მოსმენას და სიმბოლურია, რომ დღეს საზოგადოება მოისმენს სწორედ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშობლიური ენის დღე ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს არის აფხაზეთის აფხაზური ენის დღე, ეს არის ოსური ენის დღე და ა. შ. ყველა იმ ეროვნული უმცირესობის ენის დღე, ვინც საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მშობლიური ენის განვითარებას და დაეხმაროს მათ მშობლიური ენის არდავიწყებასა და მის შესწავლაში.

„მშობლიური ენის დღე იუნესკომ 1999 წლიდან შემოიღო და 2000 წლიდან მას არაერთი სახელმწიფო შეუერთდა. საქართველო მას 2005 წლიდან შეუერთდა და ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ აიღო სრული ვალდებულება იმისათვის, რათა ყველა ის ეროვნული უმცირესობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეა, მისი ენა, მისი კულტურა, მისი განათლება, მისი მშობლიური ენის არდავიწყება იქნება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება. მინდა ყველამ იცოდეს, ქართული სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათი ენების, კულტურის შენარჩუნებაზე. ეს არის ჩვენი ვალი, რომელიც ისტორიული წარსულითაც არის გამყარებული, თავისი ტოლერანტული ბუნებიდან გამომდინარე და, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების, ჩვენი წარსულის დავიწყება, რა თქმა უნდა, არა გვაქვს“, – განაცხადა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თავის მიმართვაში.

შემდეგ, გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოადგინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის წლიური ანგარიში. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, კანონის საფუძველზე, 2015 წელს შეიქმნა, მაგრამ სრულყოფილად ამოქმედდა და მუშაობას შეუდგა 2018 წლიდან. გიორგი ალიბეგაშვილმა თავის გამოსვლაში მთავარი ყურადღება ძირითად აქცენტებზე გაამახვილა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორი კუთხით მიმდინარეობს სახელმწიფო ენის გამყარება, სახელმწიფო ენის უფლებების დაცვა ქართულ სახელმწიფოში და მის პარალელურად როგორც ეროვნულ უმცირესობათა, ასევე აფხაზური ენის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სტრატეგიაზე, რომელზეც აქტიურად მუშაობს დეპარტამენტი და რომელშიც ასახული იქნება ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ეხება არა მხოლოდ სახელმწიფო ენას, არამედ ყველა იმ ენობრივ მრავალფეროვნებას, იმ ენობრივ მიმართულებას, რომელიც ყველას საწუხარია. ესაა ექვსი მიმართულება: ენობრივი პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა და ადმინისტრირება; სახელმწიფო ენის სწავლება, ნორმალიზაცია და სტანდარტიზაცია; აფხაზური ენის დაცვა და განვითარება ოკუპაციის პირობების გათვალისწინებით; ქართული ენისა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების მეცნიერული კვლევა და დოკუმენტირება, დაცვა; ენათა სიმრავლე და მოქალაქეთა ინტეგრაცია; ენის ტექნოლოგიების განვითარება. მისი თქმით, ეს იქნება კონსტიტუციური დაცვა უფრო ფართო ფორმატში ყველა ენისა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს ყოველი ენის შენარჩუნებაზე, რომელიც სახელმწიფოს ფარგლებშია. შემდეგ, კომპანია ლინგვინგის (მუშაობს უცხო ენების ონლაინ სწავლებაზე) წარმომადგენლებმა დავით ველიაშვილმა და ლეილა ავიძბამ, შეკრებილთ ქართული და აფხაზური ენების დისტანციური სწავლების პროექტები წარუდგინეს, რომლებიც ყველა დაინტერესებულ პირს ქართული და აფხაზური ენების ონლაინ რეჟიმში შესწავლის საშუალებას მისცემს.

Visited 25 times, 1 visit(s) today