პარლამენტში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

17/10/2017

საქართველოს პარლამენტში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა.
კანონპროექტის პირველადი ვერსია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელ სხდომაზე განიხილეს. მანამდე კი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე დეტალურად იმსჯელეს კომიტეტებში, ფრაქციებში, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი და თანდართული მასალები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას, მხედველობაში მიღებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისათვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
მომავალი წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4,5%-ს შეადგენს და ბიუჯეტიც ამის გათვალისწინებით დაიგეგმა. ინფლაციის მაჩვენებელი კი საშუალოდ 3%-ზეა გათვლილი. შესაბამისად, ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს.
ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 298 მლნ ლარით განისაზღვრა.
მათში განსაკუთრებით მოცულობითია საგადასახადო შემოსავლები, რომელიც წლევანდელზე მნიშვნელოვნად მეტია და 9 მლრდ ლარს აღემატება. შემდეგ კი მან ცალკეული სამინისტროების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე ისაუბრა.
განხილვა, რომელმაც ოთხ საათზე მეტ ხანს გასტანა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კომიტეტის წევრებმა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0