პარტიების დაფინანსების წესი რადიკალურად უნდა შეიცვალოს

18/06/2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია სოციალ-დემოკრატების ლიდერის და საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს და პარტიების დაფინანსების წესი რადიკალურად შეიცვალოს. თითოეულ მოქალაქეს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს მისი გადახდილი გადასახადიდან რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას, ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი რომელიმე პოლიტიკური პარტია დააფინანსოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არსებული კანონმდებლობით, პარტიები, არჩევნებზე განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პირდაპირი წესით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ქმნიან და სწორედ ეს წესი უნდა შეიცვალოს.

„არსებული წესით, კონკრეტული პარტია იღებს დაფინანსებას და მოქალაქეების პოზიცია და ინტერესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, აქვთ თუ არა სურვილი, მათ მიერ გადახდილი გადასახადი მოხმარდეს ამ პარტიას, ან საერთოდ უნდათ თუ არა რომელიმე პარტიის დაფინანსება. კანონპროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად თავად აირჩევენ, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიიღებს, მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 0,3%–ს. მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს მათგან დაფინანსებას, ან არც ერთი პარტია არ აირჩიონ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

სოციალ-დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული იდეის განხორციელება გაზრდის პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირს, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ უფრო მეტად გააქტიურება და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომუშავე ორგანიზაციები არ იქნებიან. გარდა ამისა, ასეთი მოდელი უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანიცაა, როცა ყველა მოქალაქეს თავად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს პარტია, რომლის დაფინასების სურვილიც აქვს და შეუწყვიტოს დაფინანსება, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, რომ ეს პარტია აღარ გამოხატავს მის ინტერესებს, აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0