პატრიარქის მოწოდება: მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მორწმუნეებს ერთმანეთის მოსმენისა და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო-სადღესასწაულო ლიტურგიისას წაიკითხეს.

„რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს“, – ბრძანებს პატრიარქი.

უწმინდესის განცხადებით, არსებულ პრობლემებს მთელ მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი ემატება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა! უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ“, – მიმართა მორწმუნეებს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა და სიკეთით ავსება უსურვა.

„გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს“, – აღნიშნა უწმინდესმა საშობაო ეპისტოლეს დასასრულს.

Visited 262 times, 1 visit(s) today