პეტრე კანკავამ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

18/10/2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ ჟენევის დისკუსიების სხვა მონაწილეებთან ერთად, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
პეტრე კანკავამ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიების 41-ე რაუნდის დროს ჰუმანიტარულ ჯგუფში განხილული პრობლემური საკითხები გააცნო. ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობაზე, ასევე დევნილთა დაბრუნების საკითხებზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გალში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებსა და გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას. მან პოზიტიურად შეაფასა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობის დინამიკა.
კანკავამ ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ როლს, რაც კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში ქალთა ჩართულობას უკავია.
„კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვანია. ამ მხრივ კი ღირებულია ქალთა ჩართულობა და მათი მხარდაჭერა, რომელსაც ისინი სამშვიდობო პროცესს უცხადებენ“, – განაცხადა კანკავამ
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების მიზნით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0