პირველად საქართველოში დიასპორის დაჯილდოება 2017 გაიმართა

03/07/2017

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია.
საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა:
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ესპანეთში მოღვაწე ხელოვანი ლიკა შხვაცაბია, კიევის საგანმანათლებლო ცენტრის „იბერიელ“ -ის ხელმძღვანელი მაკა ლომსაძე და ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა.
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017 წლის ჯილდო გადაეცათ ქართველ ისტორიკოსს და ქართველოლოგს, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, დავით ყოლბაიას; ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე მედიცინის დოქტორს ონკოლოგიაში სოფიო ადამიას; შვედეთის, ქ. ლუნდსის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მერაბ კოკაიას და ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ქირურგს იოსებ ნანობაშვილს.
საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017 წლის ჯილდო გადაეცა საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში მოღვაწე ზვიად ჯაფარიძეს.
ნომინაციაში – სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო – გაიმარჯვა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტმა, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტმა და 2015 წლის საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში მიხეილ სარჯველაძემ.
ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017 ის ჯილდო გადაეცა ქართველ კალათბურთელს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს და NBA-ის 2017 წლის ჩემპიონს ზაზა ფაჩულიას.
საქართველოს უცხოელი მეგობრის ჯოლდო გადაეცათ: ბერძენი ტელეჟურნალისტს და ქართული კულტურის უდიდესი ქომაგს, თეოდორა ავგერს; ავსტრიელ მეწარმეს ლეოპოლდ ბაუსბეკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, ავსტრიაში ქართული კულტურის წარმოჩენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში და შვეიცარიელ პედაგოგს და მუსიკოსს, შვეიცარიაში ქართული კულტურის, მუსიკის და ლიტერატურის დიდ ქომაგს თომას ჰოიზერმანს.
ფირფიტა – ჯილდო, რომელიც გამარჯვებულებს შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებმა გადასცეს, წარმოადგენს ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.
დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0