პოლიტკოვსკაიაზე დანგრეული საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, ბავშვების სავარჯიშოდ ალტერნატიულ ფართს მოიძიებენ

05/01/2016

დედაქალაქის მერიაში, თბილისის მერი დავით ნარმანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანთან დაკავშირებით ხვდება.

როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, მოედნის დანგრევის ნებართვა წინა ხელისუფლების დროს არის გაცემული.

ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ადგილას კერძო მესაკუთრე აპირებს მშენებლობას. შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მერია მესაკუთრის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც საბავშვო მოედანი აშენდება.

„სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვიმუშავებთ ალტერნატიული ფართის მოძიებაზე, რათა ბავშვები არ დაგვრჩეს სათამაშო მოედნის გარეშე და მათ ჰქონდეთ სათამაშო სივრცე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ყოფილმა და მოქმედმა სპორტსმენებმა გუშინ თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის“ სტადიონის დანგრევა გააპროტესტეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0