პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა ერთ-ერთი ფუნდამენტური და დადებითი ცვლილებაა

28/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან განხილვისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ მსჯელობას არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენი ამოცანა იყო არსებითად ამ შეთანხმების ფარგლებში გვემოქმედა, თუმცა, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში დაისვა რამდენიმე დამატებითი საკითხი და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილულ იქნა აკადემიურ წრეებთან, ასევე, გუშინდელ სხდომაზე კონსტიტუციურ ორგანოებთან იყო სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი. ეს იყო განხილვა. რაც შეეხება ცვლილებების დამატებას, ამაზე, ბუნებრივია, პრინციპული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტში. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ განხილვა შედგა. სამწუხაროდ, ელემენტარულ განხილვას მოჰყვა აბსოლუტურად არაჯანსაღი შეფასებები, რაც არის არასწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ მის პირად პოზიციას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის არასწორია.
„რაც შეეხება არჩევის წესს, მე გუშინ განვმარტე კიდეც კომისიის სხდომაზე, თავიდანვე, როცა დაისვა ეს საკითხი კომისიაში, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ინიციატორი, მე უარყოფითად შევაფასე ეს მოდელი მარტივი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ადმინისტრაციული დონის არჩევნები, შესაბამისად, პრინციპულად, არ არის მაინცდამაინც სწორი, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის, როგორიც არის საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ, მოგეხსენებათ, იყო ასეთი კონტექსტი: ჯერ ვადებთან დაკავშირებით არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, როდის უნდა შემდგარიყო პირველი არაპირდაპირი არჩევნები. გარდა ამისა, ყველა შემთხვევაში, თუ რჩებოდა შერეული სისტემა, გამოდიოდა ისე, რომ პირველი პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული იქნებოდა შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ. ახლა ეს კონტექსტი არის შეცვლილი და შესაბამისად, სხვაგვარი განხილვა შეიძლება შედგეს ამასთან დაკავშირებით. პარლამენტი 2024 წელს იქნება არჩეული პროპორციული წესით და ამის შემდეგ ტარდება პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი არჩევნები, შესაბამისად, ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება, ზოგადად, დაიწყოს მსჯელობა ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა, გუშინ, მხოლოდ და მხოლოდ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვხედავთ რომ ამასაც ამხელა სპეკულაციები და არასწორი, არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. შესაბამისად, ყველაფერს გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონტექსტს, იურიდიულ მხარეს. ანუ, დილემა არის ასეთი: შეგვიძლია ჩვენ ერთი ვარიანტი, რომ მოვერიდოთ სპეკულაციებს, არაჯანსაღ განცხადებებს და ამ შემთხვევაში, დავტოვებთ იმ მოდელს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იურიდიულად, რა თქმა უნდა, უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, პროცესის ზედმეტად პოლიტიზების გამო, რომელსაც ხელს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტიც უწყობდნენ, იურისპრუდენცია დაზარალდა.
„სამწუხაროდ, ზედმეტად პოლიტიზებული იყო პროცესი. ამას ხელს უწყობდნენ ოპოზიციური პარტიები, ხელს უწყობდნენ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი, სხვა პოლიტიკური სუბიექტები და ამ პირობებში დაზარალდა იურისპრუდენცია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პოლიტიკა ხშირად აზარალებს იურისპრუდენციას. აქაც ეს კონკრეტული პროცედურაც არის პოლიტიკის მსხვერპლი, კონკრეტული პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი. ახლა განიხილება ეს დოკუმენტი პოლიტიკური კონტექსტისგან შედარებით დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, უფრო ცივ გონებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ პროცედურასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილებაა.
„პირდაპირ არჩევნებს თავისთავად გამოვრიცხავთ. ეს იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი, ძალიან დადებითი ცვლილება, ის, რომ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე. რაც შეეხება კოლეგიას და პარლამენტს, ამ ორ ვარიანტს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად არაპირდაპირი წესით პრეზიდენტი აირჩევა მას შემდეგ, რაც ჩატარდება პროპორციული წესით პარლამენტის არჩევნები. შესაბამისად, ამ რეალობაში შეიძლება მისაღები იყოს როგორც კოლეგიის მიერ არჩევა, ასევე, პარლამენტის მიერ არჩევა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლეგიის მიერ არჩევას აქვს თავისი უარყოფითი იურიდიული მხარეები“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0