პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტის ახალი რეგლამენტი და დეპუტატთა ეთიკის კოდექსი ამოქმედდა

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტის ახალი რეგლამენტი და დეპუტატთა ეთიკის კოდექსი ამოქმედდა. რეგლამენტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი #8. საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება, როცა პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა. საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა.
ერთ-ერთი სიახლე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვით, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობრივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

Visited 82 times, 1 visit(s) today