პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

22/08/2017

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივაც გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხურჩაში გამართული შეხვედრისას განაცხადა. გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული ბიბლიოთეკა მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკარები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტში “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” ჩაერთნენ.
“დღეს ვესტუმრეთ ხურჩაში სოფლის ბიბლიოთეკას, რომელიც დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და არამხოლოდ ხურჩის ბიბლიოთეკა, არამედ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 6 ბიბლიოთეკის აღჭურვა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც ასევე ჩაერთნენ პროექტში “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად”. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავგეგმეთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივები, როგორც შიდა ქართლში, ასევე სამეგრელოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნება ოკუპაციის მუზეუმები და პირველი ოკუპაციის მუზეუმი, დღეს შევთანხმდით, რომ იქნება სწორედ სოფელ ხურჩაში”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
დღესვე გიორგი აბაშიშვილი ზუგდიდში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. საზაფხულო სკოლა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წარჩინებულ სტუდენტებს აერთიანებს. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0