პრეზიდენტი ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მოითხოვს

10/07/2017

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად „ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტის“ შეჩერებას მიიჩნევს.

როგორც ჟურნალისტებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა, კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.

“7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსესუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. “ქართული ოცნების” განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა.
სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო.
მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე.წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია. შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი: პირველ რიგში შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი. კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრესსპიკერის თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე, ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მაინც მიიღებს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0