პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.

„მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პირველად იმართება იმ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ამით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ხაზგასმით ვამბობ, როგორც პარლამენტის, ასევე, მთავრობისთვის. თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში, ამის გათვალისწინებით, ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერმინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება და პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, შესაძლოა, გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე გაიმართება კონსულტაციები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად.

„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. ეს საკითხიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც თქვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ვიმსჯელოთ განვითარებულ მოვლენებზე, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და მოვუსმინოთ შესაბამის მინისტრებს იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ იყო ამ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიურომ განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად #1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. ბიურომ სხვადასხვა კომიტეტის მომართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

Visited 58 times, 1 visit(s) today