პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ მოუსმინა. ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ვალდებული იყო, სესიაზე წარდგენამდე, კომიტეტის სხდომაზე მისულიყო. ოპონენტებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის ფორმატში იმყოფება, ხოლო, რაც შეეხება გვენეტაძის კომიტეტზე მისვლის საკითხს – ეს პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოგვახსენებს ორ თემასთან დაკავშირებით და ასევე გასცემს პასუხებს დასმულ კითხვებზე. რაც შეეხება კომიტეტზე მოსვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა და გაიცეს პასუხი, თუმცა, ეს არ არის აქ მსჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად საკითხზე, მოხსენებაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მოხსენება ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით დავსვათ ყველა კითხვა, რაც კი გვაქვს და მივიღოთ, შესაბამისად, პასუხები, შემდეგ დავაზუსტოთ კითხვები, მივიღოთ, ასევე, პასუხები, გამოვთქვათ საკუთარი პოზიციები. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესაძლებლობას, საუბარი იყო არაერთგზის რეგლამენტზე და ცოტა ისეთი ფორმით მოიხსენიებდით. ამის შესაძლებლობა არცერთი წინა რეგლამენტით არ ჰქონდა არცერთ წინა პარლამენტს. ამის შესაძლებლობა აქვს ახალ პარლამენტს და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ოთხი წლის განმავლობაში, საპარლამენტო მუშაობის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს სტატისტიკაც შეახსენა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე წარსდგა იმაზე მეტი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, ვიდრე გასული 12 წლის განმავლობაში.
„წინა 12 წლის განმავლობაში – ეს 12 წელი ფარავს თქვენს რვაწლიან მმართველობას, ამ 12 წლის განმავლობაში სულ რვაჯერ ესტუმრა პლენარულ სხდომას ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, მათ შორის, მინისტრი, პრემიერმინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. 12 წელიწადში რვაჯერ. ეს არის თქვენი სტატისტიკა და ეს არის გასული 12 წლის სტატისტიკა. ეს რეკორდი მოიხსნა უკვე ამ 3 თვის განმავლობაში და გარდა ამ ფორმალური სტატისტიკისა, მნიშვნელოვანია, ასევე, შინაარსი და შინაარსს რაც შეეხება, ეს არის შემდეგი: მოდიან მინისტრები, არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვას კითხვები და ამ კითხვებს მინისტრები სცემენ შესაბამის პასუხებს. მე პოლიტიკური შეფასებები არ მინდა, ზოგადად, გავაკეთო, მაგრამ რაც შეეხება წინა დებატებს, დავინახეთ, რომ ჯერჯერობით ანგარიში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია პოლიტიკური შოუს ელემენტები, თუმცა, მთავარია, კონცენტრაცია შინაარსზე მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგლამენტის მნიშვნელობას, ასევე, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც დოკუმენტი იძლევა და რეგლამენტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
„საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია ის, რომ თუნდაც ზედამხედველობის ფორმატში შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები. ყველა ქვეყანაში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის, რა თქმა უნდა კონცენტრაცია შინაარსზე. ბატონი კობა მობრძანდა, იგი გააკეთებს მოხსენებას ორივე საკითხთან დაკავშირებით, შეგეძლებათ დასვათ კითხვები, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღებთ პასუხებს, თუ რამე ნაკლოვანება დაგრჩებათ, დააზუსტებთ ამ შეკითხვებს, მიიღებთ პასუხებს, გამოხატავთ საკუთარ პოზიციებს და ამას შეხედავს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტში და ეს არის რეგლამენტის შედეგი. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ბევრი რამ მეტად უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არის უზარმაზარი ნახტომი, რომელიც მოგვცა ჩვენ ახალმა რეგლამენტმა, რომელიც შედგენილია საქართველოს პარლამენტში და ამისთვის, კიდევ ერთხელ, რეგლამენტის ავტორებს, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მადლობას გადავუხდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა.
„პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის, ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო.
„კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისავის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი, სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში 2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ – 1/3. მისივე თქმით, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა.
„ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია – ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური – იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
რეგულაციების პირველადი შედეგების მიმოხილვისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია პროგნოზის შესაბამისია და წინასწარი არასრული ინფორმაციით პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
„ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის, (დაახლოებით 300 მილიონი ლარის, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
„შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/”4Finance”-ი, რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვან ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ.
„ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. თუმცა, ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ, როდესაც ის ფიზიკური პირები, რომლებსაც ჭარბი სესხები ჰქონდათ (საუბარი, ძირითადად იპოთეკურ სესხებზეა), განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იპოთეკური დაკრედიტების ახალი სტანდარტების შემოღების მიზეზები ახსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი განმარტებით, იპოთეკური სესხები – განსაკუთრებით უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები – მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა და ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია.
„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014 -2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი, ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს“ – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ს ფინანსური კრიზისის ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
„კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუაში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა.
„უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს, რაც ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს.
„ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში.
„საგულისხმოა, რომ ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, ბაზარზე გამოჩნდა ლარის იპოთეკური სესხები მკვეთრად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით, დაახლოებით9,15% ეფექტური. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე ახალი სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების წილი, განსაკუთრებით აქტიურია საშუალო და მცირე ბიზნეს სეგმენტი. გარდა ამისა, მთლიანად მაკრო სურათს თუ შევხედავთ, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაშიც ამ რეგულაციების წვლილიცაა. ეს იმ პოზიტიური შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაც უკვე ამ პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თებერვლის მონაცემებით მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 15%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ამ რეგულაციის ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.
„როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით, რაც ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როგორც ეს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით იყო განსაზღვრული, თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.
„ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, თიბისი ბანკის ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება.
„ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით კონფიდენციალურია. თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკს არსებული რისკების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფრთხილებდა.
„2018 წლის 22 თებერვალს, ანუ მანამ, სანამ, ცნობილი გახდებოდა დღეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარი სესხის ამბავი, თიბისი ბანკს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ:
„სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით, მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას.
ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან ბანკის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M” და „სამგორი თრეიდი” გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო.
„ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება.
„ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე, რადგან, არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას, რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას, ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის მიმართ და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის, საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში უცვლელია. მათი თანამდებობები ბანკის მშობელ კომპანიაში – TBC Bank PLC-ს საბჭოში – ასევე უცვლელია. მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი, აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირება იყო, რაც საუკეთესო კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მომხსენებელმა, პარლამენტის წევრებს ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ გატარებული საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ტყუილია აქციონერების განცხადება, თითქოს, 2007 წელს, ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად აუკრძალა სესხების გაცემა.
„სინამდვილეში, 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია. უფრო მეტიც, არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლოს 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს 1,173 მილიონი ლარი იყო, ანუ, პორტფელი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა პროციკლურ სექტორებში, რის გამოც, 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო,“ – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს.
„სამ წელზე მეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემი წინამორბედების საქმიანობა არასოდეს შემიფასებია. მაგრამ დღეს კი, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ, როდესაც ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რომელსაც ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. განუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით. ხოლო, თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც და ახლაც აკრძალულია“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ბატონი წერეთელი მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი იყო წლების განმავლობაში.
„ეს კი სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც, კანონმდებლობის მიხედვით, ხდება ბანკის ინსაიდერების დადგენა. შესაბამისად, სხვა მიზეზებს საერთოდ თავი რომ დავანებოთ, აღნიშნული ფაქტორების გამო, ბატონ მამუკას ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შემდეგაც სესხები, გაცემის მომენტშივე, ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და ამ სესხების ამ ფორმით გაცემა ვეღარ მოხდებოდა“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ტრანზაქციების შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი გახდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც სთხოვდა ეროვნულ ბანკს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის 2012 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგისათვის არ გაგზავნის საკითხი.
„ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირებას გვავალდებულებს კანონი, საერთაშორისო პრაქტიკა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი პოლიტიკა-პროცედურები.
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეზღუდული არ არის ხანდაზმულობით. ჩვენ ანალოგიური რეაგირებას მოვახდენდით ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე, და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მივიღებდით ზომებს, მით უფრო კი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის ჩამდენი პირები კვლავ ბანკის მოქმედი და დომინანტური გავლენის მქონე ადმინისტრატორები იყვნენ.
დამატებით, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ გარემოებას, რომ მხარეები ხშირად საუბრობენ დოკუმენტაციის შენახვის 6 წლიან ვადაზე, რაც ისევ არასწორია, რადგან: ჯერ ერთი, დოკუმენტაციის შენახვის 6 წლიანი ვადა აითვლება საქმიანი ურთიერთობის დამთავრებიდან ანუ ანგარიშის დახურვის თარიღიდან, რაც ვალის მონაცვლე ოფშორული კომპანიის შემთხვევაში, რომელმაც ვალი გადაიწერა, არა 2012 წელი, არამედ 2017 წელია, რადგანაც ამ კომპანიის ანგარიში თიბისი ბანკში 2017 წელს დაიხურა; მეორე, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლის ტრანზაქციებთან მიმართებით ნიშნავს, რომ ვითვლით 15 წელს, რაც, პატივცემულო დეპუტატებო, 2023 წელს გვაძლევს, ახლა კი, მხოლოდ 2019 წელია,“ – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც თიბისი ბანკის, ისე ფინანსური სექტორისთვის და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინტერესებშიც შედიოდა პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში და ხმაურის გარეშე წარმართვა.
„სწორედ ამიტომ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა, ემსჯელა აღნიშნულ ტრანზაქციებზე და სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ დამფუძნებელი აქციონერების მიერ არაპროპორციული ზეგავლენის გამო, ეს ასე არ მოხდა და საკითხის გადაჭრა პირდაპირი ქმედებებით მოგვიწია. უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის მცდელობა, მოეძებნა სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე რაციონალური და მისაღები ფორმა, „შანტაჟად“ იქნა შერაცხული“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცადა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაყვანით, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების (ხელმოწერის შეჩერება და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა) და არა თავად ბანკის ან მისი აქციონერების მიმართ (დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა, ფულადი ჯარიმა, დივიდენდის გაცემის შეზღუდვა, კონტროლის შეზღუდვა, ლიცენზიის გაუქმება).
„როგორც აღვნიშნე, სამი სხვადასხვა ტრანზაქციით დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მრავალი მუხლი. შესაბამისად, ბანკი დაჯარიმდა ერთი მილიონი ლარით კანონმდებლობის სამგზის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი დარღვევები მიესადაგა ბანკის ადმინისტრატორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკი ინტერესთა კონფლიქტის რისკებს ადრეც ხედავდა და 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად ცდილობდა ამ რისკის მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებას.
„გაიგზავნა არაერთი ოფიციალური წერილი და შეტყობინება და გატარდა არაერთი ღონისძიება, მაგრამ, ეს ყველა ღონისძიება ბანკისადმი იყო მიმართული და, საბოლოო ჯამში, ყველა აქციონერს ეხებოდა მაშინ, როდესაც პრობლემის წყარო უცვლელი რჩებოდა. 2019 წელს კი, როდესაც უკვე ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო და იმის გამო, რომ კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს ევალება გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქცია, ჩვენ გამოვიყენეთ სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების მიმართ (ხელმოწერის შეჩერება და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა) და აღარ დავაკისრეთ დამატებითი სანქცია ბანკს და მის აქციონერს, ისეთი როგორიცაა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა,“ – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორი ეკონომიკის ის სექტორია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მშვიდ გარემოს. შესაბამისად, შექმნილი აჟიოტაჟი საფინანსო სექტორის განვითარებაზე დადებითად არ აისახება, ის აისახება ძალიან უარყოფითად.
„საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი არის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. მესმის, რომ დასაშვებია ასეთ ფორმატში განვიხილოთ ზედამხედველობის პოლიტიკის ძირითადი და კონცეპტუალური საკითხები, მაგრამ პარლამენტის სხდომებზე კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მანდატის მქონე რეგულატორის მიერ კონკრეტული ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის, მათ შორის, კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების საჯარო განხილვა, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, აყალიბებს საფრთხის შემცველ პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას, გამოიწვევს საზედამხედველო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვას და საბოლოო ჯამში, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
მოხსენების დასრულების შემდეგ, კობა გვენეტაძემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით თანამომხსენებელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გამოვიდა. ახალი საბანკო რეგულაციების შედეგების შეფასებისას, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ დეველოპერებთან მიმართებაში, შესაძლებელი იყო დაკრედიტების ნაკლებად ხისტი მიდგომების გამოყენება.
ამავე დროს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მხოლოდ სამი თვეა ამოქმედდა და ეს დრო საკმარისი არ არის მისი გავლენის ეფექტზე პროფესიული დასკვნის გამოსატანად.
„მთლიანობაში სესხების გაცემა გაზრდილია 15%-ით, თუმცა, გვაქვს გარკვეული კლება სამშენებლო სექტორის რეალიზაციებსა და სამომხმარებლო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში. პირადად, მე, არ გამოვრიცხავ ელასტიურ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციებთან მიმართებაში, მაგრამ, როგორც რეგულაციების შემოღებამდეც ვამბობდი, საჭიროა, სულ მცირე, 6-9 თვე, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტების არსებულმა პრაქტიკამ, ერთი მხრივ, გაზარდა საფრთხეები ფინანსურ სექტორში, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობა მასობრივი სავალო წნეხის ქვეშ მოაქცია და მათ სოციალური პრობლემები შეუქმნა.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სიტუაცია, როცა ფიზიკური პირების სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპები ჯერადად უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე მისი მომსახურეობის შესაძლებლობები, არანორმალურია და, საშუალოვადიან პერსპექტივაში, პრობლემას უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდასაც კი.
“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის და წესების შემოღება ეროვნული ბანკის ახირება, თუ ინოვაცია არაა. ეს საერთაშორისო გამოცდილებაა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები სისტემური პრობლემის პრევენციაა და სრულიად ჯდება ბაზელის საერთაშორისო კომიტეტის სტანდარტებსა და მოთხოვნებში“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში, ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად, ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„ბატონმა კობამ ქრონოლოგიურად აღწერა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დოკუმენტურად აფიქსირებდა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გამოწვეული რისკების ზრდას და კორპორატიულ მართვაში არსებულ პრობლემებს. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ეროვნული ბანკი უშედეგოდ ითხოვდა 2015-2018 წლების განმავლობაში, 2019 წელს კი გამოიყენა რეგულატორისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თიბისი ბანკმა სრულად გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მოთხოვნები, გამოაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაცია და გადაიხადა ჯარიმა.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში „გახსნა და საჯაროდ გამოიტანა წმინდა პროფესიული, დახურული თემა“.
„სიმართლე გითხრათ, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიო პრაქტიკაშიც ნაკლებად მახსენდება შემთხვევა, როცა რეგულატორს კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების თაობაზე ესაუბროს საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს პრაქტიკად არ უნდა ვაქციოთ; არ უნდა შევიჭრათ სხვის კომპეტენციაში და პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგადად, ფინანსური ბაზრისთვის აჟიოტაჟი და პოლიტიკური ინსინუაციები დამღუპველია.
„ეს უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა თუ პოლიტიკური ინტერესებისა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა და უდიდესი გამოწვევაა.
„მაღალი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის ჩვენთვის ზეამოცანა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ხალხის გაღარიბების და უთანასწორობის ზრდის ხარჯზე არის მიუღებელი. ჩვენ ახლა, პირველად ისტორიაში, ვდგამთ შეგნებულ ნაბიჯებს იმისკენ, რომ გვქონდეს მართლაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა თუ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა სწორია, ამის დასტურია მსოფლიოს 90 ცენტრალური ბანკირიდან 16 საუკეთესო ბანკირში მოხვედრა, მანამდე კი, სავალუტო ფონდის აღიარებით, 6 რეგიონულ საუკეთესო ბანკირში მოხვედრა.
„ეს არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორი მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ტარდება. ძირითადი ვექტორი სწორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავატაროთ ეს პოლიტიკა, ისე რომ აღარ გვყავდეს იპოთეკარების კლასი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თიბისი ბანკმა დაარღვია საზედამხედველო ნორმატივები და ეროვნულ ბანკს უნდა დაეჯარიმებინა.
დეპუტატის თქმით ეს ყველაფერი არ მომხდარა ჯარიმებისა და საზედამხედველო ნორმატივების დარღვევის გამო, არამედ ეს ყველაფერი განხილული უნდა იყოს ერთ დიდ კონტექსტში.
„თიბისი ბანკზე განხორციელდა ტოტალური შეტევა, რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხართ თქვენ. პირდაპირ მთავრობაზე ხართ მიბმული და ამიტომ ვამბობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა. კონტექსტი ეს არის და არა ნორმატივის დარღვევა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძის გამოსვლის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა ორ კვირაში, 16 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.