პროექტის „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“ განხილვა გაიმართა

26/06/2018

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით, პროექტის „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“ განხილვა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.
აღნიშნული პროექტი, ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას გულისხმობს. სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითადი მიზანია, საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, ფერმერებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ფერმერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება.
„ვფიქრობთ, ჩვენი ფერმერებისათვის, რომლებიც აპირებენ ფერმერულ მეურნეობას მნიშვნელოვანია, რომ არამარტო თეორიული ცოდნა შეიძინონ, არამედ უშუალოდ პრაქტიკაში, საწარმოში ნახონ თითოეული თეორიული პოსტულატი, როგორ მუშაობს. საქართველოს აქვს ძალზედ მდიდარი გამოცდილება, დიდი პერსპექტივები და მიმაჩნია, რომ დუალური განათლება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს განათლების სისტემაში“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე, საქართველოს 6 რეგიონში, 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან, კერძო სექტორის მონაწილეობით, 102 აპლიკანტი შეირჩა მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით.
ღონისძიებას განათლების სამინისტროს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0