პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24/03/2017

საქართველოს პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი გოგაძემ და გივი მიქანაძემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს. ორმხრივი პროექტების მიზანი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და სამართალდამცველთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მემორანდუმი ითვალისწინებს: ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციების მომზადებას. ამასთან, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აკადემიის სტუდენტებისთვის გამართავენ პერიოდულ საჯარო ლექციებს. წარმატებულ სტუდენტებს, ასევე მიეცემათ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა. საქართველოს პროკურატურა ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა საგამოძიებო უწყებებთან ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელების პროცესში. აღნიშნული მემორანდუმი კი ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, კოორდინირებულ საქმიანობასა და სამართალდამცველების პროფესიულ განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0