პროკურატურაში მენტორობის პროგრამა დაინერგა

20/02/2018

ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და სისტემაში ადაპტაციის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მენტორობის პროგრამა დაინერგა. პროექტი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, ახალდანიშნულ 61 სტაჟიორსა და სისტემის მენტორებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა მიმართეს. ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს პროკურატურის სისტემაში დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები, მენეჯერები, პროკურორები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა სისტემაში ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და მენტორობის პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე. მიმდინარე წელს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორების ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების პროცესში წინასწარ შერჩეული და მომზადებული მენტორები პირველად ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით, სტაჟიორები შეძლებენ ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების განვითარებასა და პრაქტიკულ გამოწვევებთან გამკლავებას. მენტორობის პროგრამაში ჩართულ პროკურორებს სერთიფიკატები საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა გადასცეს.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2017 წლის მაისში გამოცხადდა, რომელზეც 1315 მსურველის განაცხადი შემოვიდა. მათ შორის, 61 წარმატებული კანდიდატი 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად შეირჩა. შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან. სტაჟიორებად დანიშვნამდე მონაწილეებს სპეციალური მოსამზადებელი კურსი ჩაუტარდათ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0