პროფესიულ-დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის სრულად განახლებულია თეატრის სახურავი, მოწყობილია შენობის სადრენაჟე და თბოიზოლაციის სისტემები, სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროცესში იკვეთება ახალი სამუშაო სივრცეები, რაც პროექტში გარკვეულ ცვლილებებსა და ახალ გათვლებს ითხოვს. ამჟამად გრძელდება შენობის კომუნიკაციების კეთილმოწყობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. ფაქტიურად დასრულებულია შენობის პირველ სართულზე ფუნდამენტისა და კედლების კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპების, აგრეთვე, სცენისა და დარბაზის კეთილმოწყობის დეტალები. თეატრის დიდი დარბაზისა და სცენის კეთილმოწყობის პროცესში დამონტაჟდება განათების, აკუსტიკის, სცენის ინჟინერული მართვის თანამედროვე სისტემები. 2017 წლიდან დაიწყება შენობის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები. 2018 წლისთვის დასრულდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც თეატრი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული ღირებულებით, მანამდე არ ჩატარებია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს შპს „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

Visited 197 times, 1 visit(s) today