პროცედურა არა მარტო სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ ადგენს იმაზე ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

19/04/2019

„კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას – შეგიძლიათ, ნახოთ ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, ხანგრძლივი პროცედურა და ეს ყველაფერი კეთდება შედეგისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტით დადგენილ პროცედურასა და კანონპროექტის საბოლოო მიზანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მთავარი არის ის, რომ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავის დროზე უმრავლესობამ განაცხადა, რომ გაიზიარებდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნებოდა გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან.

„ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. თუმცა, არ არის არცერთი რეკომენდაცია, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. უფრო მეტიც, ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიდგომაზეც და აღნიშნა, რომ გარკვეული ფორმით, კომისიის დასკვნებში პოლიტიკური რეკომენდაციების გაწერა შესაძლებელია, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„როდესაც ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან მკაცრი პოზიცია. ავუხსენი სიტუაცია, კონტექსტი და ისინი დამეთანხმნენ შეფასებებში და მითხრეს, რომ კი, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, იყოს მიზანშეწონილი პარლამენტის ჩართვა მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში. ეს იყო მარკერტის განცხადება, ბუკიკიოსთან ერთად გვქონდა შეხვედრა. მარკერტმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია შექმნილია სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და შესაბამისად, ისინი ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ კონტექსტს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენისას. ამიტომ გამოვთქვით გაკვირვება, როდესაც ვნახეთ, რომ კონტექსტის მიხედვით, იყო აცდენილი ის რეკომენდაციები, რომლებიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ, მის რამდენიმე წლის წინანდელ რეკომენდაციებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, სამართლებრივი პრინციპები არ იცვლება 5 წელიწადში, თუმცა, 5 წლის თავზე, ვენეციის კომისიამ ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივ პრინციპებთან არავითარი წინააღმდეგობა არ დაუდგენია.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2010 წელს ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესიც და ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის მიმართ, რომ პუტინიზაციის თაობაზე ჩანაწერი გაკეთებულიყო.

„გახსოვთ, რა იყო ამ რეფორმის კონტექსტი – სააკაშვილს სურდა დარჩენა და „გამარადიულება“ უკვე პრემიერის რანგში, თუმცა, ვენეციის კომისიამ მაშინაც განაცხადა, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ფუნქცია იყო სამართლებრივი ექსპერტიზის წარდგენა. ვენეციის კომისიის არგუმენტი იყო ის, რომ იყო სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა პროცედურაზე, რომელიც, მისი თქმით, გართულებულია და რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სრულ შესაბამისობაში იქნებიან კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოეხმაურა განცხადებას, იმის შესახებ, რომ პარლამენტი კანონპროექტს ფორსირებულად განიხილავს.

„ამ ყველაფერს, ჯამში, ვუთმობთ 7 თვეს. ჯერ 4 თვე დასჭირდება, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის მიღებას და ამის შემდეგ, 3 თვე სჭირდება, კიდევ პროცედურას. 7 თვე გაგრძელდა ეს პროცესი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ და შედეგი არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები. 7 თვე თუ არის ფორსირებული პროცესი ან თუნდაც, 4 თვე, კანონპროექტის მიღების, მაშინ არ ვიცი, შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს დავეთანხმო, თუმცა, აქაც ჩანს, რომ თუ არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, შეიძლება, არასწორი სახით აისახოს გარკვეული დასკვნები, თუნდაც ჩვენი ძალიან კვალიფიციური საერთაშორისო პარტნიორების საბოლოო ტექსტებში“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს – პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის რევანშის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც 2012 წლამდე სასამართლოზე სრული კონტროლი ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რევანშს არ დაუშვებს.
სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე გაამახვილა.

„სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიერ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე. თუ შენ გინდა, ისაუბრო ვინმეს ნდობაზე, მაშინ სატელევიზიო კლიპებს არ უნდა ატრიალებდე კონსტიტუციური ორგანოს-სასამართლოს წინააღმდეგ. კლიპის ტრიალი რას ნიშნავს იცით? რომ ნდობის არსებული დონე არ მოგწონს. ანუ, კონკრეტულ ორგანოს აქვს გარკვეული ნდობის დონე, რაც არის იმაზე მაღალი, ვიდრე შენ მოგწონს და ორი წლის განმავლობაში შენ ატრიალებ კლიპებს იმისათვის, რომ ნდობის ხარისხი დაბლა დაწიო და ორი წლის თავზე საუბრობ მერე ნდობაზე. სატელევიზიო კლიპი რომ დაატრიალო, ნებისმიერი ორგანოს ნდობის შელახვა შეიძლება უმარტივესად და კლიპებიც არ არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ, მარტივად დააკვირდეთ ვინ აწარმოებს მიზანმიმართულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარი არის ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო სწორედ ადამიანის უფლებების სათანადოდ დასაცავად არის შექმნილი. ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ „ერთია ნდობა, მეორე არის მოცემულობა. ნდობა და მოცემულობა თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და სწორედ, რომ იყო თანხვედრაში ერთმანეთთან, ამიტომ წამოიწყეს ორწლიანი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან შედარება საკმარისი არ არის და არაფერს ნიშნავს ის მრავალჯერ უკეთესი მონაცემები, რომელიც მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან შედარებით აქვს.

„მთავარი არის ის, რომ მდგომარეობა იყოს კარგი, ადამიანის უფლებები იყოს განუხრელად დაცული და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, რომ როცა სასამართლოს ეხება საქმე, ყველა ჩვენს ოპონენტს თუ დაინტერესებულ მხარეს ვთხოვთ კონკრეტული საქმეების წარდგენას, რასთან დაკავშირებითაც მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა ჩვენი ოპონენტები ამაზე საუბარს ყოველთვის არიდებენ თავს, ყოველთვის აქცენტი გადააქვთ ნდობაზე, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ კონკრეტულ საქმეებზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0