რაჭაში ტრაგედიის პირველი წუთიდანვე საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში მიეწოდებოდა გადამოწმებული ინფორმაცია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარდგა. პარლამენტში მისი მოწვევა 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ შოვის სტიქიას უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვებით ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი გამოსვლა სამძიმრის სიტყვებით დაიწყო.

„კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო გულწრფელი მწუხარება ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს. შოვში მომხდარი ტრაგედია მთელი საქართველოსთვის იყო ძალიან მძიმე. სტიქიასთან ბრძოლის დროს ჩვენ დავკარგეთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები – პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი თემურ ხარჩილავა. მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურება სხვა რეგიონებსაც დაატყდა თავს, მსურს მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი განცხადებით, რაჭაში ტრაგედიის პირველი წუთიდანვე საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში მიეწოდებოდა გადამოწმებული ინფორმაცია, ამის მიუხედავად, ტრაგედიის ფონზე არაერთი სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება გავრცელდა და საზოგადოებამ ობიექტური რეალობა უნდა იცოდეს. მისივე თქმით, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია, აღნიშნულ მასაში რამდენიმე მეტრის მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი მიწის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

„ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობის მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილთა პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, ძებნა-შველის სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსიც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენებით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ადამიანების გადარჩენა.

„მსურს კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს – ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ პირველივე საათებში უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ის განცხადებები, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება. მან დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული პირველი შეტყობინებისთანავე სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ და აღნიშნა, რომ შველის სამუშაოები პრაქტიკულად 28-30 წუთში დაიწყო.

„სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეც-ტექნიკითა და სითბური დრონებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა და სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე. როგორც მინისტრმა განაცხადა, შოვში განვითარებული სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, საკუთარი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა.

„საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Visited 35 times, 1 visit(s) today