რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა,რომელსაც „ათეა“- ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი, თვითმმართველობის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი და ასოციაციის წარმომადგენლები წარმართავდნენ, შეხვედრას სახელმწიფო –რწმუნებული გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
ასოციაცია მუდმივად ახორციელებს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმართველობის სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს,შეხვედრის მიზანი კი სწორედ მომავალში დასაგეგმი პროექტების მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე მორგებას გულისხმობს.
მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აღნიშნული საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
მერიებისა და საკრებულოების ხელმძღვანელმა პირებმა ,,ათეა“-ს წარმომადგენლებს მჭიდრო კოორდინაციისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი ურთიერთთანამშრომლობით თვითმმართველობების მუშაობა ადგილზე უფრო ეფექტური მმართველობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.