ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღეს ჩატარებული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო. აღნიშნულ თემაზე მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა ის წესები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მოუწევთ:
„როდესაც შევალთ და ეს დღე მალე დადგება, ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. სწორედ ეს ავხსენით იმ დოკუმენტში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში ყველა პასპორტის გაცემისას გადაეცემათ ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ იცოდნენ რას აკეთებენ.
ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გათვითცნობიერებულნი იმ კუთხით, რომ ეს არ ნიშნავს იმას, ჩვენ შევალთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ.
ვინც უვიზო რეჟიმის წესებს დაარღვევს, ჩვენ მას უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.