რეგიონის მთიან ზონაში ტურიზმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა

20/12/2017

სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის მთიან ზონაში ტურიზმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი. ესწრებოდნენ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩეხეთის საელჩოს პროექტების კოორდინატორი სოფო ქამუშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი თამარ კახიძე და სხვა ოფიციალური პირები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის წარმომადგენლები.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა შალვა გივიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ფშავ-ხევსურეთის მთიანი ზონის ტურისტული განვითარების შესახებ და სხდომის მონაწილეებს ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო: მოხდა ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება, შეიქმნა ოფიციალური ვებ-გვერდი, დაიბეჭდა ბროშურები რჩევებით საოჯახო სასტუმროების მოწყობის მსურველთათვის, გამოიცა თემატური კალენდრები. მატერიალური დახმარების სახით, ტურიზმის სერვისში ჩართულ პირებს საჩუქრად გადაეცათ კარვები, ცხენის აღკაზმულობა და ტურისტული სალაშქრო გაზქურები.
პრეზენტაციის ფარგლებში ჩეხმა პარტნიორმა ივანა ბურსიკოვამ ფშავ-ხევსურეთში არსებულ ცალკეულ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა, შეეხო მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, დასახულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0