პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 25 ივნისის N013/4 მომართვა გააცნო, რომელიც პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს შეეხებოდა.
„რეგლამენტის თანახმად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ განვიხილოთ პროკურატურის მომართვა და გადავცეთ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში გენერალური პროკურატურის მომართვის შემოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დაწყებად შეაფასა და ბიუროს წევრებს, მომართვის მხარდაჭერის თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია და გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს პროკურატურიდან შემოსული მომართვის განხილვის პროცედურები განუმარტა და განაცხადა, რომ „ვინაიდან მომართვა შემოსულია საქართველოს პარლამენტში, ბიურო ვალდებულია ეს მომართვა განიხილოს და გადასცეს შესაბამის კომიტეტებს. ასე რომ სრულიად კანონმდებლობის და რეგლამენტის დაცვით იმართება ბიუროს სხდომა“. ბიუროს სხდომაზე გენერალური პროკურატურის მომართვის იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
„ყველაფერი მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების დაცვით. მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურორი არის უფლებამოსილი იმსჯელოს იმუნიტეტის მქონე პირის პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით და თუკი ასეთი რამ მოხდება, უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს. ბიურომ ახლა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და ავტომატურად დაეწერება შესაბამის კომიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით, კანონმდებლობის სრული დაცვით შევისწავლით ამ საკითხს და მივცემთ შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ადამიანის უფლებებათ დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პროცესის ადამიანის უფლებების სრული დაცვით წარმართვაზე ისაუბრა. მან ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა და აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის კისერზე არის ძალიან ბევრი სისხლი და ბოროტება, ჩვენ არც ერთ ადამიანს, მათ შორის არც ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს, არ მოვექცევით ისე როგორც თქვენ ექცეოდით, ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ეს პროცესი ჩაივლის ადამიანის უფლებების სრული დაცვით“.
ბიუროს სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრებმა სერგი კაპანაძემ და სერგო რატიანმა პროკურატურის მომართვის შესახებ, მის მოსალოდნელ შედეგებზე და განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავი პირების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასა და მათზე სახელმწიფოს მიერ რეაგირების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.
„მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს რეაგირება კონკრეტული პოლიციელების მიმართ, რომელთაც შესაძლოა გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სახელმწიფომ რეაგირება დაიწყო სწორედ იმ სამართალდამცავების მიმართ, ვინც იქ იმყოფებოდა და ვისზეც შეიძლება კითხვები არსებობდეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
სხდომის დასასრულს, ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს გენერალური პროკურორის მომართვას და მხარი დაუჭირეს საკითხის შესაბამისი კომიტეტებისთვის გადაცემას.