რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული

04/10/2023

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მუნიციპალიტეტის მერმა „თბილისობის“ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„გასულ შაბათ-კვირას „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წელს ღონისძიებები საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი სავსე იყო თბილისელებით და ჩვენი ქალაქის სტუმრებით. ამდენი წელია, დედაქალაქის მერი ვარ და ამდენი ხალხი არ გვახსოვს არცერთ „თბილისობაზე“. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, შემოქმედებით ჯგუფებს, არტისტებს, ყველა მონაწილეს. მადლობა კერძო კომპანიებს, სარესტორნო ბიზნესს, რომლებიც, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც აქტიურად იყვნენ ჩართული სამზადისში. ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყველაფერი. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა თბილისელებს და მის სტუმრებს გართობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„უკვე დაწყებული გვაქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ახალ რეგულაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდოს.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. მანამდე ამ მიმართულებით არაფერი კეთდებოდა. ერთადერთი მერი გახლდათ დავით ნარმანია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, შეიძინა MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსები, თუმცა, ყველას გვახსოვს საერთო ჯამში როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურებოდა თბილისს. ჩვენ დავიწყეთ რეფორმა, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თბილისში არსებული კერძო ავტოპარკი. 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით, 180 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 600 000-მდეა გაზრდილი. ვვარაუდობთ, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომ პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომანქანებს. ისინი თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით კიდევ უფრო აფერხებენ გადაადგილებას და ამასთან, ზრდიან საავარიო სიტუაციების ალბათობას, რაც თავის მხრივ, ხანგრძლივად აფერხებს საგზაო მოძრაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ბიზნესსექტორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ამ პრობლემის დასაძლევად, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან. გვქონდა არაერთი შეხვედრა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებთან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ხედვა. ეს კომუნიკაცია გრძელდება. ვაპირებთ, რომ ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს შევხვდეთ და აღნიშნულ საკითხზე მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება. ვფიქრობთ, რომ საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ეს წესი მომავალი წლის იანვრიდან ავამოქმედოთ. ცხადია, შეზღუდვა საწყის ეტაპზე არსებით გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, ჩვენ ამ ინიციატივაზე სწორედ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ ერთად ვიმუშავეთ. გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველა სექტორი იყო წარმოდგენილი, გავცვალეთ პოზიციები, გავითვალისწინეთ შენიშვნები და მოსაზრებები და საბოლოო ჯამში, მათთან აქტიური კომუნიკაციით წარმოგიდგენთ შეჯერებულ პოზიციას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება რეგულაციას, კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესი ამოქმედდება, შეზღუდვა შეეხება დროის გარკვეულ მონაკვეთს – 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში; ამასთან, მანქანების მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოხდება ორგანიზება, რომელმა სექტორმა რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. ასევე, არ იმოქმედებს აგვისტოში. ვფიქრობთ, რომ აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული.

„გამონაკლისი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ. აღნიშნულ ავტომანქანებზე, გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, სამშენებლო სექტორია. მას უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და დედაქალაქში განსაკუთრებით დიდი როლი აქვს. ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია. ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, ჩვენ კი ჩვენი დამოკიდებულება. ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ. უმთავრესი კი არის ქალაქის ინტერესი, რომ საცობებისგან განტვირთული ქუჩები გვქონდეს. სამშენებლო სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას მომდევნო დღეებში მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ გლდანის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ბიბლიოთეკა ამ უბნის მოსახლეობას 1970-იანი წლების მიწურულიდან ემსახურებოდა, თუმცა, შენობის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში დადგა მისი სრული განახლება.

„შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული, მოუწესრიგებელი. გარდა შენობის კაპიტალური გამაგრებისა, მოხდა კომუნიკაციების განახლება, სრული ინფრასტრუქტურული გადახალისება, ასევე, საერთო სამუშაო სივრცის კომპიუტერებით აღჭურვა და, რაც მთავარია, წიგნადი ფონდის შევსება. ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო, ჩატარებულია, სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია და მშვიდი, სასიამოვნო გარემოა შექმნილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისვე თქმით, უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, დედაქალაქის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზების გამოვლენა და ამ მიზნით კონკურსის გამოცხადებაა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს.

„მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს.

„კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0