რევაზ ასათიანმა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა

სასტუმროში „Holiday Inn“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.
სტრატეგიის პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.
როგორც რევაზ ასათიანმა აღნიშნა, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე (2018 წელი) სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები პილოტ რეგიონებში დაინერგება, ხოლო მეორე ეტაპზე (2019 წელი) შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება.
„ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად“ ,- განაცხადა რევაზ ასათიანმა.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში – ENPARD Georgia).

Visited 125 times, 1 visit(s) today