როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე

17/05/2021

„აღსანიშნავია ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულად გადავიდა დისტანციურ მეთოდზე, სწორედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს მდგრადმა და შეუფერხებელმა მუშაობამ შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით,“ – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიმართვაში, რომლითაც მან კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

ამავე დროს, 17 მაისი არის მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღეც.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე.

„დღეს ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე,“ – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0