რუსთავში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

09/04/2019

9 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, თავისუფლების მოედნიდან, 9 აპრილის მემორიალამდე, სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყანაში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მემორიალთან აღევლინა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, მოეწყო ტრაგიკული მოვლენების ამსახველი თემატური ფოტოების გამოფენა, შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი რამდენიმე მუსიკალურ ნომერი. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0